საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ფედერაციის ლიდერებს სიტყვა "პერსონა ნონ-გრატის" მნიშვნელობის არცოდნაში ადანაშაულებს.
"როგორც ჩანს, კრემლის დღევანდელ ბინადართ სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 5 წელი ტყუილად გაუტარებიათ, რადგან ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ესმით", - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს რუსეთში მიხეილ სააკაშვილის "პერსონა ნონ-გრატად" გამოცხადების საკითხზე კომენტირებისას.
აღნიშნულ კონტექსტში, საქართველოს მთავარი დიპლომატი რუს მაღალჩინოსნებს ურჩევს, "გაეცნონ ვენის კონვენციას, შემდეგ დაბრუნდნენ უნივერსიტეტში და თავიდან შეისწავლონ ის საგნები, რაც 20 წლის წინ უნდა ესწავლათ".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთში არასასურველ ადამიანად მეზობელი ფედერაციის პირველმა პირმა, დიმიტრი მედვედევმა გუშინ პირადად გამოაცხადა.