ზურაბ ნოღაიდელი ხელისუფლებას ~სამართლიანი საქართველოსთვის~ აქტივისტების დაშინებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.
"ხელისუფლება ჩვენი მხარდამჭერების დატერორებას განაგრძობს. მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ აქტივისტების დაშინება, შანტაჟი და მათზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება თითქმის ყოველდღე ხორციელდება", - ნათქვამია ~სამართლიანი საქართველოსთვის" განცხადებაში.
ამის დასტურად ნოღაიდელის პარტიას კონკრეტული მაგალითები მოჰყავს.
"16 თებერვალს მოძრაობის აქტივისტს ბადრი დევაძეს ქობულეთის რაიონის ხალას საკრებულოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი განყოფილების წარმომადგენლებმა ზურაბ ნოღაიდელის პარტიის დატოვება მოსთხოვეს და დაემუქრნენ. პროგრამა ~კარდაკარის~ მოძრაობის ხულოს რაიონის კოორდინატორის, გურამ დეკანაძის განცხადებით კი, მოსახლეობას ტელეფონით ემუქრებიან, რომ ზურაბ ნოღაიდელის მხარდაჭერის შემთხვევაში, სოციალურ დახმარებას მოუხსნიანხელისუფლება განსაკუთრებით აქტიურად ~ნადირობს~ აგიტატორებზე, ვისაც ტრენინგი გავლილი აქვს და პროგრამა ~კარდაკარში~ აქტიურად მონაწილეობს. ასე მაგალითად, 15 თებერვალს შუახევის რაიონის სოფელ ახალდაბის გამგებელი ნუგზარ ზოიძე დაემუქრა თავის მოგვარეს, გურამ ზოიძეს და კატეგორიულად მოსთხოვა, სოფელ ჭვანის ტერიტორიაზე პროექტ ~კარდაკარის~ მოქმედება შეეწყვიტა. ანალოგიური სურათია კახეთის რეგიონშიც. 14-16 თებერვალს გურჯაანის რაიონში დააშინეს მოძრაობის აგიტატორები: მარინე კობიაშვილი, ნონა მელექსიშვილი, მარი ჩახოშვილი, ნუცა ყიასაშვილი, ლია კობიაშვილი, ციცო ღვინიაშვილი, რამაზ უტიაშვილი, ლილი ბასილაშვილი, ციალა კვეზერელი, მიხეილ დათუაშვილი, ელენე პეტროზაშვილი, ნათელა ბიწკინაშვილი, მამუკა კოშაძე, დავით ზვერიაშვილი, ლალი ძიბელაშვილი, ნელი თევდორაშვილი და ლალი იმერლიშვილი. ზოგიერთ მათგანს სოციალური დახმარების შეწყვეტით დაემუქრნენ, ზოგს კი ~დაპირდნენ~, რომ მალე დააპატიმრებდნენ, როგორც ~მოღალატე პარტიის~ წევრებს. გურჯაანის რაიონში ინდმეწარმე ზაზა ჭაჭუკაშვილის კუთვნილ ხორცკომბინატში მუშაობს მოძრაობის ორი ტრენინგგავლილი აგიტატორი, ლალი ორთოიძე და ეთერ ზარდიაშვილი. ზაზა ჭაჭუაშვილთან მივიდა უბნის ინსპექტორი და მოსთხოვა, რომ, თუ მისი თანამშრომლები ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობის რიგებს არ დატოვებდნენ, ისინი სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ჭაჭუკაშვილს დაემუქრნენ პრობლემების შექმნით. ზაზა ჭაჭუკაშვილმა ლალი ორთოიძე და ეთერ ზარდიაშვილი სამსახურიდან დაითხოვა", - ~სამართლიანი საქართველოსთვის" პრესსამსახური.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ გმობს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ტერორს და მოითხოვს პარტიული ნიშნით მოქალაქეების დევნის თითოეულ ფაქტზე სამართლებრივ რეაგირებას.