სირიელი ლტოლვილების რაოდენობამ, რომლებმაც ქვეყანა შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დატოვეს, მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი" გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საქმეების კომისრის, ანტონიო გუტერეშის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, ლტოლვილების ნაკადის დინება სულ უფრო მატულობს. მათი დიდი უმრავლესობა ლიბანში გადავიდა, რის შედეგადაც ლიბანის მოსახლეობა 10 პროცენტით გაიზარდა. ნაწილი იორდანიაშია, რომელსაც მათთვის სამედიცინო დახმარების და ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემები შეექმნა. ამას გარდა, სირიელი დევნილები არიან ისეთ ქვეყნებშიც, როგორებიცაა: თურქეთი, ერაყი, ეგვიპტე და ჩრდილოთ აფრიკის ქვეყნები, ასევე, მცირე ნაწილი ევროპის ქვეყნებშიც წავიდა.
გაერო სირიელი დევნილებისათვის დახმარების გაწევას ითხოვს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომხრეებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული კონფლიქტი სირიაში 2011 წლის მარტში დაიწყო. 2012 წლის ზაფხულში კონფლიქტი ოფიციალურად იქნა აღიარებული, როგორც სამოქალაქო ომი. უკანასკნელი მონაცემებით, ორი წლის განმავლობაში 70 ათასი ადამიანია დაღუპული.