ვენესუელას ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ერისადმი მიმართვაში ქვეყნის პრეზიდენტის, უგო ჩავესის გარდაცვალების შესახებ განცხადება გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი" ავრცელებს.
მადუროს განცხადებით, ჩავესი სამშაბათს, ვენესუელის დროით 16:25 წუთზე გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩავესის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაართულდა, ახალი მძიმე ინფექციის გამო.
დეკემბრის შუა რიცხვებში ჩავესმა მესამე მძიმე ოპერაცია ჰავანაში გაიკეთა. რიგი გართულებების გამო, ვენესუელას პრეზიდენტი კუბაში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა და სამშობლოში მხოლოდ თებერვლის შუა პერიოდში დაბრუნდა. მან საკუთარ ინაუგურაციაში მონაწილეობაც ვერ შეძლო.
უკანასკნელი ოპერაციის შემდეგ, უგო ჩავესი პუბლიკის წინაშე ერთხელაც არ გამოჩენილა. ქვეყნის ხელისუფლებამ მხოლოდ ერთხელ მისი ოპერაციისშემდგომი ფოტოების სერია გაავრცელა, რამაც პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ ხმების მორიგი ტალღა გამოიწვია, თუმცა, ოფიციალური წყაროები ამას არ ადასტურებდნენ.
ჩავესს კიბოს დიაგნოზი 2011 წლის დასაწყისში დაუსვეს. ამის შემდეგ, მან კუბაში რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა და თვეების მანძილზე ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. მიუხედავად ავადმყოფობისა, ჩავესმა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვა. 58 წლის უგო ჩავესი 1999 წლიდან ვენესუელას პრეზიდენტი იყო.
მასალის გამოყენების პირობები