გამოძიების ფედერალურმა ბიურომ საჯარო გახადა დოკუმენტების ნაწილი, რომელიც უიტნი ჰიუსტონს ეხება. დოსიედან, რომელიც 128 გვერდს შეადგენს, ირკვევა, რომ მომღერლის დაშანტაჟებას ცდილობდნენ.
დოკუმენტები, რომელიც გამოძალვას ეხება, 1992 წლის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ჩიკაგოელმა ადვოკატმა შეატყობინა მომღერლის პროდიუსერებს, რომ მავანი მისი კლიენტი აპირებს ჰიუსტონის პირადი ცხოვრების დეტალების გამხელას, თუ მას ათი ათას დოლარს არ გადაუხდის. თავად ჰიუსტონმა მაშინ განაცხადა, რომ მას აშანტაჟებს მეგობარი, რომელსაც სინამდვილეში მისთვის ცუდი არ სურს და ფედერალურმა ბიურომ საქმე დახურა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე მსგავსი შემთხვევა იყო, როცა გარკვეული პირები მომღერალს ან აშანტაჟებდნენ, ან ემუქრებოდნენ.
უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის თებერვალში, ლოს-ანჟელესში, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მომღერალი სასტუმროს ნომრის აბაზანაში დაიხრჩო, გულის შეტევის შემდეგ, რომელიც კოკაინის მიღების შემდეგ განვითარდა. დანაშაულის ნიშნები ოფიციალურმა გამოძიებამ ვერ აღმოაჩინა, თუმცა, კერძო დეტექტივმა პოლ ჰიუბლმა, გარკვეული მოკვლევის შემდეგ განაცხადა, რომ ჰიუსტონი ნარკოტიკების გამსაღებლებმა მოკლეს.