,,დისკუსია ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით ყურით მოთრეული თემაა",_ განაცხადა ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის სპეციალურ კონსულტანტთან სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებში თომას ჰამერბერგთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზების კომენტირებისას.
,,ვერ იპოვით ვერცერთ გამონათქვამს, ვერცერთ დოკუმენტს, რომელშიც იყოს რაიმე სხვა გამონათქვამი გარდა საქართველოს ევროპული გზისა. ყველა გამოსვლაში, ყველა ინტერვიუში ყოველთვის ვუსვამ ხაზს იმას, რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ამიტომ დისკუსია საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით ყურით მოთრეულად მიმაჩნია, რადგან მკაფიოა საქართველოს კურსი ევროპისკენ. ამაზე მუშაობს არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო, არამედ მთელი მთავრობა. ამიტომ მთელი ის დისკუსია ოპოზიციის მხრიდან, თითქოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური გზა საფრთხეშია განკუთვნილი იყო იმისათვის, რომ ახალ მთავრობაზე არასწორი შთაბეჭდილება შეექმნათ', -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სთავაზობს, რომ ერთობლივი წერილით მიმართონ ევროკავშირსა და ნატო-ს. ამის შესხებ, მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩუსისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ,,დღევანდელი ჩვენი საუბრის შემდეგ კიდევ დავადასტურე ჩვენი ძველი შეთავაზება, რომ მე და პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი წერილით მივმართოთ, ევროკავშირს და ნატო-ს. ერთობლივი გეგმა გავწეროთ მიუხედავად ჩვენი შიდა პოლიტიკური განსხვავებებისა, რომ ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ევროატლანტიკური და ევროპული ორიენტაციის კურსი. გუშინდელი ჩვენი შეხვედრის შემდეგ ვფიქრობ, შეხვედრა არ დარჩეს მხოლოდ შეხვედრად. მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ის, რომ რაღაც სახის დიალოგი აღდგა და არ დავკარგოთ დინამიკა ევროპულ ინსტიტუტებთან", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში თუ დაპირისპირება და ქაოსი იქნება, ეს ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
"ეს არ უნდა უნდოდეს მთავრობას და, რა თქმა უნდა, ეს არ მინდა მე, რადგან ამ ყველაფერს მთელი წლები რუდუნებით ვაშენებდით. ახალმა მთავრობამ უნდა გააგრძელოს ის, რასაც ვაკეთებდით და ბევრი რამ უკეთესადაც გააკეთოს. მე მხოლოდ გამიხარდება. ამიტომ, ჩვენი ერთობლივი მიმართვა იქნება კარგი დემონსტრაცია იმისა, რომ ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ, გვაღელვებს საქართველოს მომავალი, გვინდა, ყველა ერთად დავეხმაროთ ხალხს, რისთვისაც ევროპისკენ სვლა ძალიან მნიშვნელოვანია", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩუსისთან შეხვედრის შემდეგ.