ვენესუელის ოპოზიციის მომხრეებმა კარაკასის ცენტრში მარში მოაწყვეს და ხელისუფლებას პრეზიდენტ უგო ჩავესის მონაცემების გასაჯაროება მოსთხოვეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი" იუწყება.
ასობით ადამიანი პლაკატებით მარშირებდა: „გვითხარით სიმართლე!" და „შეწყვიტეთ ტყუილი!" ისინი მტკიცებულებებს ითხოვდნენ საიმისოდ, რომ უგო ჩავესი ცოცხალია.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ჩავესი უკნასკნელი ორი კვირის განმავლობაში კარაკასის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ გამოჯანმრთელება გართულებებით მიმდინარეობს, თუმცა, საავადმყოფოში ჩავესი სახელმწიფოს საქმეებითაც არის დაკავებული.
აქციის ჩატარება კი გავრცელებულმა ხმებმა გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ ვენესუელის პრეზიდენტი გარდაიცვალა, ან კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ჩავესის მკურნალობის გამო, ვერ შედგა 10 იანვარს დანიშნული პრეზიდენტის ინაუგურაცია. უგო ჩავესმა 2012 წლის ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
მასალის გამოყენების პირობები