იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, სილვიო ბერლუსკონიზე ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმე კორუფციას ეხება. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
გამოძიების მონაცემებით, 2006 წელს ბერლუსკონიმ სენატორ სერხიო დე გრეგორიოს სამი მილიონი ევრო გადაუხადა. ეს უკანასკნელი არჩევნებში გამარჯვებული მემარცხენე ცენტრისტული კოალიციის შემადგენლობაში შედიოდა. რამდენიმე თვის შემდეგ, სენატორმა კარდინალურად შეცვალა თავისი შეხედულებები და ბერლუსკონის მემარჯვენე ოპოზიციაში გადავიდა. მოსყიდვის შედეგად კი, სახელისუფლო მემარცხენეებმა, რომანო პროდის ხელმძღვანელობით, სენატში უმრავლესობა დაკარგეს და გადადგნენ. ამის შემდეგ, ვადამდელი არჩევნების შედეგად, ხელისუფლებაში კვლავ ბერლუსკონი მოვიდა.
საქმე ნეაპოლის პროკურატურამ აღძრა, რადგან სწორედ ამ ქალაქმა აირჩია გრეგორიო. სილვიო ბერლუსკონის იტალიის პრემიერ მინისტრის პოსტი რამდენჯერმე ეკავა. მის წინააღმდეგ უკვე იყო აღძრული სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეები. 2012 წელს ის ფინანსურ მაქინაციებში ბრალდებულად ცნეს და ოთხი წელი ციხე მიუსაჯეს, თუმცა, ეს ვადა ამნისტიით ერთ წლამდე შემცირდა. ამის შემდეგ ბერლუსკონის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და ყოფლი პრემიერი ამ დრომდე თავისუფლებაზეა.