აშშ-ის ხელისუფლება მაგნიტსკის სიას მარტში გამოაქვეყნებს. ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა ჰოვარდ სოლომონმა განაცხადა.
"მომავალ თვეს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, გამოქვეყნდება იმ ადამიანების სია, რომლებიც ამ კატეგორიაში შედიან და რომლებსაც ამავე კანონის საფუძველზე აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ", - განაცხადა დიპლომატმა.
აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით ქვეყნის პორეზიდენტს აქვს უფლება სია გაასაიდუმლოს.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის დეკემბერში აშშ-ში "მაგნიტსკის აქტი" მიიღეს. აქტი აწესებს სანქციებს რუსეთის იმ მოქალაქებისადმი, რომლებსაც აშშ-ს ხელისუფლება ადამიანის უფლებათა დამრღვევებად მიიჩნევს.
სანქციები ითვალისწინებს ვიზებზე უარის თქმას და ასევე ფინანსურ სანქციებს იმ რუსი ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც, როგორც ვაშინგტონში მიიჩნევენ, თანამონაწილენი არიან ფონდ Hermitage Capital-ის იურისტის სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებაში.
აღნიშნულ კანონპროექტს აშშ-ს სენატში 94 სენატორმა დაუჭირა მხარი და მხოლოდ 4 იყო წინააღმდეგი. იმისათვის, რომ ეს კანონი ძალაში შევიდეს აუცილებელია, რომ მას აშშ-ს პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.