მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" დარწმუნებულია, რომ პრაიმერის ინიციატორი დანარჩენი პარტიები "არ უღალატებენ" და ახალ ფორმულას "ყველას მინუს ზურაბ ნოღაიდელი" არ გაიზიარებენ.
"გამორიცხულია, პარტიებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ნოღაიდელის გუნდს და ჩართულები არიან პრაიმერის საორგანიზაციო კომიტეტში, უარი თქვან ნოღაიდელთან კავშირზე იმის გამო, რომ "ახალმა მემარჯვენეებმა" და "რესპუბლიკელებმა" ასეთი ახალი შეთავაზება წამოაყენა", - განუცხადა ნოღაიდელის გუნდის წევრმა პეტრე მამრაძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მამრაძე ოპოზიციას რჩევასაც აძლევს და აფრთხილებს, რომ პოლიტიკურ უმცირესობას შორის არსებული დაქსაქსულობა ხელს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს აძლევს.
"ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებდით ჩვენს კოლეგებს, რომ ოპოზიციის შიგნით დაქსაქსულობა და დაპირისპირება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის კრიმინალურ ხელისუფლებას აძლევს ხელს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მოხდეს ოპოზიციური გაერთიანება, შეიქმნას ერთიანი ოპოზიციური ფლანგი", - განმარტა მამრაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ახლებმა" და "რესპუბლიკელებმა" დღეს ოპოზიციას ახალი ფორუმა "ყველას მინუს ერთი" შესთავაზეს, რაც მერობის ერთიან კანდიდატზე ჩამოყალიბების მიზნით კონსულტაციას ზურაბ ნოღაიდელის გარდა, ყველა სხვა ძალასთან ითვალისწინებს.