"კონსერვატორებისთვის" "ახლებისა" და "რესპუბლიკელების" მიერ შეთავაზებული პოლიტიკური ფორმულა "ყველას მინუს ზურაბ ნოღაიდელი" მიუღებელია.
როგორც აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს "კონსერვატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა, "სხვა პარტიებთან მინუს ერთი საქართველოში მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება იყოს".
"სამწუხაროა, რომ ცალკეული ძალები არ არიან ოპოზიციური ერთიანობის მომხრე. ეს ისეთივე შეცდომაა, როგორიც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე იქნა დაშვებული. ფორმულა "ყველას მინუს ერთი" არის სწორი, ოღონდ, მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ "მინუს ერთი" "ნაციონალური მოძრაობა" იყო. დასანანია, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის მიხეილ სააკაშვილზე უფრო მნიშვნელოვანი კონკურენტიც არსებობს", - განუცხადა კუკავამ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ "ახლები" და "რესპუბლიკელები" მზად არიან თბილისის მერობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები ყველა ძალასთან აწარმოონ, თუკი მოლაპარაკებათა მაგიდაზე მხოლოდ ზურაბ ნოღაიდელისთვის ადგილი აღარ დარჩება. "ყველას მინუს ერთი", - ასეთია ფორმულა, რომელიც "ახლებმა" და "რესპუბლიკელებმა" დღეს პოლიტიკურ ოპოზიციას შესთავაზეს.
რა პოზიცია აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით გამყრელიძე-უსუფაშვილის თანაალიანსელ ირაკლი ალასანიას, ჯერჯერობით უცნობია. მას ამ საკითხზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.