"საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამართლებასა და სუვერენული სახელმწიფოსათვის საკუთარი ნების თავის მოხვევაზე მიმართული მოსკოვის კლასიკური დემაგოგია", - ასე აფასებს "ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი ლევან კიკნაძე რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინე კოსაჩოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ "რუსეთის სამხედრო ძალები იქნებიან განლაგებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მანამდე, სანამ საქართველოს ოფიციალური პოლიტიკა არ შეიცვლება".
ამასან დაკავშირებით კიკნაძე აღნიშნავს, რომ მოსკოვმა თავის მარიონეტულ რეჟიმებთან სოხუმსა და ცხინვალში გააფორმა შეთანხმება "საზღვრების ერთობლივი დაცვის შესახებ", აგრეთვე სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის სამხედრო ბაზების მშენებლობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ეს შეთანხმება გაფორმებულია 49 წლის ვადით მომავალში 5-წლიანი ავტომატური გაგრძელებით, რაც ოკუპანტთა სამხედრო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ მშენებლობასთან ერთან აშკარად მიუთითებს კრემლის სურვილზე დარჩეს დაპყრობილ რეგიონებში არა დროებით, არამედ მუდმივად".
რაც შეეხება კოსაჩოვის სიტყვებს იმის შესახებ, რომ "საქართველოს პოლიტიკის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა" და "ამ შემთხვევაში, ერთადერთ გზად რჩება სამხედრო გზა", ლევან კიკნაძე აღნიშნავს, რომ ეს ძირეულად არასწორი ხედვაა, რომლის თავის მოხვევას ცდილობს მოსკოვი საერთაშორისო საზოგადოებისთვის საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.
"საქართველოს მიზანი იყო, არის და იქნება თავისი ძირძველი მიწების რეინტეგრაცია - ეს ცხადია, თუმცა ქართული მხარე ყოველთვის ახდენდა ამ მიზნის მიღწევის მშვიდობიანი გზის დეკლარირებას, - აღნიშნავს ექსპერტი. - რუსეთი წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ახდენდა მშვიდობიანი ინიციატივების ჩაშლას თავისი მარიონეტებით სოხუმსა და ცხინვალში მანიპულირების გზით. თუმცა, სოციალურ-ეკონომიკური და ინტეგრაციული პროექტები ისეთი წარმატებული აღმოჩნდნენ, რომ მოსკოვს მოუწია ომის პროვოცირება და ღია აგრესიის განხორციელება საქართველოში ამ ტერიტორიებზე კონტროლის შესანარჩუნებლად".
ამასთან, კიკნაძე აღნიშნავს, რომ "დღესდღეობით საქართველომ შეიმუშავა სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რომელიც მიმართულია, პირველ რიგში, უბრალო აფხაზებსა და ოსებზე, და დაიმსახურა საერთაშორისო საზოგადოების მოწონება", თუმცა საპასუხოდ რუსეთი "უფრო მეტად აძლიერებს ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციას, რათა არ დაუშვას იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან ნებისმიერი კონტაქტი და მოახდინოს ამ ტერიტორიების ასიმილაცია".
ამავე დროს მოსკოვი "აგრძელებს ადრინდელ პროპაგანდისტულ კამპანიას და მუდმივად საუბრობს ქართულ სამხედრო საფრთხეზე, რომლის არარსებობა თვალნათელია ნებისმიერი მიუკერძოებელი დამკვირვებლისთვის".
"ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი იმასაც აღნიშნავს, რომ "საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ რუსეთი არასაიმედო პარტნიორია და ყოველთვის შეუძლია მოახდინოს ნებისმიერი ინციდენტის პროვოცირება ომის დაწყების ჩათვლით, რათა გაატაროს თავისი იმპერიალისტური პოლიტიკა და დემაგოგიით გაამართლოს სხვისი ტერიტორიების მიტაცება".