ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ ბერლინში თავის რუს კოლეგასთან პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, სირიის კონფლიქტი და რიგი სხვა საკითხები, მათ შორის, რუსეთიდან ბავშვების გაშვილების თემა განიხილეს.
ორი დღის შემდეგ, ათზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი რომში სირიის ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისათვის შეიკრიბება. რუსეთი ამ შეხვედრაზე წარმოდგენილი არ იქნება. როგორც სერგეი ლავროვმა განაცხადა, ოპოზიციის რიგებში მყოფი ექსტრემისტები პრეზიდენტ ბაშარ ასადთან დიალოგს ბლოკავენ, რადგან არარეალურ მოთხოვნებს აყენებენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჯონ კერისთან მოლაპარაკებები იყო კონსტრუქციული. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა მას „სერიოზული სამუშაო შეხვედრა" უწოდა და განაცხადა, რომ შეხვედრის ნახევარი სირიის სამოქალაქო ომს დაეთმო.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ თავისი პირველი უცხოური ტურნე ლონდონში, 25 თებერვალს დაიწყო. ტურნეს ფარგლებში ის ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ათ ქვეყანას მოინახულებს, სადაც სირიის სიტუაცია იქნება განხილული.
მასალის გამოყენების პირობები