ყაზახეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
"ეს საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება", - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კანად საუდაბაიევმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანად საუდაბაიევი ამტკიცებს, რომ აფხაზეთის ყაზახეთი-რუსეთი-ბელორუსის საბაჟო კავშირში მიღება გამორიცხულია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კავშირში გაწევრიანების სურვილი აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გამოთქვა.
ამასთან, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეუთოს მიზანია გაჭიანურებული კონფლიქტის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
"ჩვენი მიზანია მშვიდობიანად გადაწყდეს ეს პრობლემა", - განაცხადა კანად საუდაბაიევმა და აღნიშნულ კონტექსტში ისიც განმარტა, რომ ყაზახეთი მხარს უჭერს ჟენევის ფორმატის გაგრძელებას, რომელიც "კონფლიქტში მონაწილე მხარეებისთვის დიალოგის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს".
შეგახსენებთ, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე თბილისში გუშინ ჩამოვიდა. მან ოფიციალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო. ვაშაძესთან შეხვედრამდე კანად საუდაბაიევმა მოლაპარაკებები ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა, ამ წუთებში კი საქართველოს პარლამენტში იმყოფება, სადაც მას დავით ბაქრაძე მიიღებს.