ყაზახეთი საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის საბერძნეთისეულ გეგმას მხარს უჭერს.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ყაზახეთის კოლეგა მინისტრ კანად საუდაბაიევთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ყაზახეთის მიდგომაა, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, როგორც საქართველოში კონფლიქტების მოგვარებას, ისე ეუთოს მისიის დაბრუნებას. როგორც მე შევატყვე, ყაზახეთი იწონებს საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის თაობაზე საბერძნეთის გეგმას", - განაცხადა ვაშაძემ და აქვე განმარტა, რომ ბერძნული წინადადება გარკვეულ კომპრომისებზე წასვლას გულისხმობს, რაც რუსეთისთვის მიუღებელია.
"რუსეთს არ აწყობს დამკვირვებლების საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ოკუპირებულ რეგიონებში ყოფნა. აქედან გამომდინარე, შესძლებს თუ არა ყაზახეთი დაითანხმოს რუსეთი რაიმე კომპრომისზე, ამას დრო გვიჩვენებს", - განმარტა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე თბილისში გუშინ ჩამოვიდა. მან ოფიციალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო. ვაშაძესთან შეხვედრამდე მან მოლაპარაკებები ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა, ამ წუთებში კი საქართველოს პარლამენტში იმყოფება, სადაც
კანად საუდაბაიევს დავით ბაქრაძე მიიღებს.