საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აფხაზეთში გაერთიანებული რუსული ბაზის შესაძლო ამოქმედებას "კლოუნადას" უწოდებს.
"ამ კლოუნადას დიდი ხნის ისტორია არ ექნება და ის მალე დასრულდება", - განუცხადა ვაშაძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს და აქვე დასძინა, რომ ადრე თუ გვიან, რუსეთს მაინც მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებებზე, რაც საქართველოს წინაშე ჩაიდინა.
დღესვე გრიგოლ ვაშაძემ კომენტარი გააკეთა "აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის 200 წლის იუბილესთან" დაკავშირებითაც და სეპარატისტებს ეს დღე "მიულოცა".
"ვულოცავ აფხაზებს რუსეთის იმპერიაში მეორედ დაბრუნებას. ახლა ასწავლიან მათ, როგორ უნდა უყვარდეთ დიდი სამშობლო - რუსეთი", - ასე ეხმაურება ვაშაძე აღნიშნულ თემას და იმას, რომ ამ "იუბილესთან" დაკავშირებით დღეს რუსეთის დუმა "სახელმწიფო მნიშვნელობის განცხადებას" მიიღებს.
რაც შეეხება აფხაზეთში გაერთიანებული რუსული ბაზის ამოქმედებას, დიმიტრი მედვედევი და მოსკოვში ვიზიტით სერგეი ბაღაფში შესაბამის შეთანხმებას ხელს დღეს მოაწერენ.