პარაოლიმპიური ჩემპიონის, ოსკარ პიტორიუსის უფროს ძმას, კარლ პისტორიუსს მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. ამის შესახებ „სი-ენ-ენი" იუწყება.
2010 წელს, კარლ პისტორიუსი, რომელიც ავტომობილის საჭესთან იჯდა, მოტოციკლზე მჯდომ ქალს დაეჯახა. ქალი რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. კარლ პისტორიუსს გაუფრთხილებლობით მკვლელობა ედება ბრალად. პროკურატურის აზრით, ბრალდებული გაუფრთხილებლად მართავდა მანქანას, რის შედეგადაც მოტოციკლს შეეჯახა.
თავის მხრივ, პისტორიუსის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ავარიაში დამნაშავე დაღუპული ქალი იყო. პისტორიუსის სისხლის ანალიზმა ავარიის შემდეგ, აჩვენა, რომ ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა. ბრალდებულის ოჯახის განცხადებით, კარლი მძიმედ განიცდის მომხდარ ინციდენტს.
კარლ პისტორიუსის სასამართლო მარტის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. ის, შესაძლოა, უფრო ადრე დასრულდეს, ვიდრე მისი ძმის, ოსკარ პიტორიუსის სასამართლო, რომელიც 4 ივნისს განახლდება. როგორც ცნობილია, პარაოლიმპიური ჩემპიონი მეგობარი გოგონას, მოდელ რევი სტენკამპის მკვლელობაშია ბრალდებული. სპორტსმენის განცხადებით, მან გოგონა მძარცველად მიიღო და ამიტომ ესროლა მას, თუმცა, პროკურატურა ამ ვერსიას არ იზიარებს.
21 თებერვალს მკვლელობის ბრალდება კიდევ ერთ ადამიანს წაუდგინეს, რომელიც ოსკარ პისტორიუსის საქმესთანაა კავშირში. გამომძიებელ ჰილტონ ბოტს, რომელიც სპორტსმენის საქმეს იძიებს, 2009 წელს ჩადენილი მკვლელობა ბრალდება. ბოტმა, ორ სხვა პოლიციელთან ერთად, ცეცხლი ავტომობილს გაუხსნა, სადაც შვიდი ადამიანი იმყოფებოდა.