"ალიანსი საქართველოსთვის" ლევან გაჩეჩილაძესთან ითანამშრომლებს, თუმცა არა როგორც ოპოზიციის ერთიან კანდიდატთან. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს "მემარჯვენეების" ლიდერმა, დავით გამყრელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, "ალიანსი" მომხრეა ლევან გაჩეჩილაძე ჩართული იყოს ერთიანი ოპოზიციის კონსულტაციებში, მაგრამ დღეს ერთადერთი რეიტინგული კანდიდატი არსებობს და ეს ირაკლი ალასანიაა.
"იყო დრო, როცა ჩვენ მხარს ვუჭერდით ლევან გაჩეჩილაძეს, როგორც ერთიან ოპოზიციურ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა დღეს ჩვენი შეხედულებები შეიცვალა და მიგვაჩნია, რომ ირაკლი ალასანია საუკეთესო კანდიდატურაა თბილისის მერის არჩევნებზე. მივესალმებთ გაჩეჩილაძის ყოფნას მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენთვის საინტერესოა მისი წინადადებები და შეხედულებები", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.