სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენული ავიაკომპანიის თვითმფრინავი დააკავეს, რომელსაც აშხაბადში ტონაზე მეტი ოქრო გადაჰქონდა. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. ტვირთის მეპატრონე თურქული კომპანია აღმოჩნდა, რომელიც თურქმენეთში სამშენებლო პროექტებით არის დაკავებული. დოკუმენტების მიხედვით, ბორტზე სანტექნიკა იყო მოთავსებული.
თურქული მედიის ინფორმაციით, საერთო ჯამში, დაურეგისტრირებული ოქროს წონამ 1,3 ტონა შეადგინა. კომპანიამ, ინციდენტის შემდეგ, პრეს-რელიზი გაავრცელა, სადაც ირწმუნება, რომ ტვირთი კანონიერია, ხოლო ოქრო იმისთვის სჭირდებოდათ, რომ სამშენებლო მასალების შესყიდვები განეხორციელებინათ ისეთი ქვეყნებში, სადაც საერთაშორისო ემბარგო მოქმედებს და საბანკო გადარიცხვები შეუძლებელია.
კომპანია „პოლიმექსი", რომელსაც ეკუთვნის ეს ტვირთი, თურქმენეთში უკვე 17 წელია მუშაობს. მას ქვეყანაში 120 პროექტი აქვს განხორციელებული. მცირე ხნის წინ, მან აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის ტენდერში გაიმარჯვა. ამ პროექტის ღირებულება 2,2 მილიარდი დოლარია.
მასალის გამოყენების პირობები