ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი რუს პოლიტიკოსებს ისტორიის არცოდნაში ადანაშაულებს.
სწორედ ისტორიის გაყალბების მორიგ მცდელობად აფასებს დარჩიაშვილი რუსეთის დუმის მიერ "აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის 200 წლის იუბილესთან" დაკავშირებით განცხადების მიღებას, რომელიც დღესაა დაგეგმილი.
"როცა ადამიანები ისტორიას ივიწყებენ არც იციან ისტორია, მათ ადექვატურად არც მომავლის დაგეგმვა შეეძლებათ. ამ 200 წლის განმავლობაში ათასი რამ მომხდარა ისეთი, რაც წყალს უყენებს და აბსურდად აქცევს ბაღაფშისა და მედვედევის დღევანდელ ურთიერობებს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იგივე მოხდება", - განუცხადა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 თებერვალს, სახელმწიფო დუმა "აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის 200 წლის იუბილესთან" დაკავშირებით განცხადებას მიიღებს. განცხადება რუსეთის სათათბიროში "ედინაი რასიას" ინიციატივით შევიდა.