"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერის" ნინო ბურჯანაძის განმარტებით, ოპოზიციამ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან "საქართველოში დემოკრატიის არარსებობაზე ისაუბრა".
"ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოში დღეს დემოკრატია პრაქტიკულად არ არსებობს. ეს დაადასტურა შეხვედრის ყველა მონაწილემ - როგორც არასაპარლამენტო, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა. აღინიშნა, რომ ირღვევა ეუთოს ყველა ის პრინციპი, რომელიც ფუნდამენტალურია ამ ორგანიზაციისთვის", - განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს კანად საუდაბაიევთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ თბილისში ოფიციალური შეხვედრები დღეს, სწორედ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო.
შეხვედრას, რომელიც სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელი პეტრე მამრაძე, "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ნესტან კირთაძე, "ალიანსი საქარველოსთვის" წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრი გურამ ჩახვაძე და "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი ესწრებოდნენ.
კანად საუდაბაიევი ამ წუთებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება და ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძესხვდება. მოგვიანებით სტუმარი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს, სადაც მას საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი დავით ბაქრაძე მიიღებს.