პარაოლიმპიური ჩემპიონი, ოსკარ პისტორიუსი, რომელსაც მეგობარი გოგონას, რევნი სტენკამპის მკვლელობაში ადანაშაულებენ, გირაოთი გამოუშვეს. ამის შესახებ დასავლური მედია იტყობინება. ასეთი გადაწყვეტილება პრეტორიის სასამართლომ გუშინ მიიღო. მოსამართლე დესმონდ ნეირმა, რომელიც პროცესს გამოძიების დროს წარმართავს, ვერ დაინახა განსასჯელის მიმალვის დაშიშროება.
მოსამართლემ ისიც აღნიშნა, რომ ბრალი, რაც ცნობილ სპორტსმენს აქვს წაყენებული, ასევე, არ უქმნის საფრთხეს საზოგადოებას. დესმონდ ნეირის აზრით, პისტორიუსის გირაოთი გამოშვებამ საზოგადოების მხრიდან პროტესტი არ უნდა გამოიწვიოს.
გირაოს თანხა მილიონ აფრკულ რანდს შეადგენს, რომელიც დაახლოებით 112,7 ათასი დოლარია. ამას გარდა, პისტორიუსმა ხელისუფლებას უნდა ჩააბაროს თავისი ყველა პასპორტი და არ გამოჩნდეს აეროპორტების ტერიტორიაზე, შეატყობინოს პოლიციას თავისი ყველა გადაადგილებების შესახებ და პრეტორიიდან გასვლის შემთხვევაში, ნებართვა ითხოვოს. ის, ასევე, ვალდებულია ჩააბაროს იარაღი და არ შეიძინოს ახალი, გამოძიების დასრულებამდე.
ოსკარ პისტორიუსს მეგობარი გოგონას, მოდელ რევნი სტენკამპის მკვლელობაში ადანაშაულებენ. ინციდენტი 14 თებერვალს, ღამით, პრეტორიაში მოხდა. სასამართლო დარბაზში განსასჯელი მკვლელობაში გამოტყდა, თუმცა, განმარტა, რომ გოგონა მან მძარცველად მიიღო. მისი თქმით, ღამე უცნაური ხმაური გაიგო აბაზანიდან და იფიქრა, რომ სახლში დამნაშავე იყო შეპარული. აიღო პისტოლეტი, რომელსაც იქვე, საწოლთან ინახავდა, მივიდა აბაზანასთან და დაკეტილი კარი დაცხრილა. კარის შემტვრევის შემდეგ დაინახა, რომ თავისი მეგობარი მოკლა. თუმცა, ამ ისტორიაში ეჭვს ის იწვევს, რომ ღამით გაღვიძებულმა სპორტსმენმა ოთახში გოგონას ყოფნა ვერ შენიშნა და არ სცადა იმის გარკვევა, სად იმყოფებოდა იმ დროს. თუ მართლაც მოხდა გამიზნული დანაშაული, პროკურატურას ამ ეტაპზე არ შეუძლია იმის თქმა, თუ რა გახდა ამის მოტივი.