საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეუთოც დააკვირდება.
ამის შესახებ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე კანად საუდაბაიევთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, შესაბამისი დაპირება პოლიტიკურმა უმცირესობამ დღევანდელ შეხვედრაზე პირადად საუდაბაიევისგან მიიღეს.
"შეხვედრაზე ოპოზიციის მხრიდან ორი ძირითადი საკითხი იქნა დაყენებული. ესენია ქვეყნის უსაფრთხოება და დემოკრატია. იმედი გვაქვს, რომ ეუთო თავის მუშაობას ორივე მიმართულებით გააძლიერებს. ყოველ შემთხვევაში, დემოკრატიული და არჩევნების თვალსაზრისით ჩვენ უკვე მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს არ აქვს პრაქტიკა ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვებისა, 30 მაისს დაგეგმილ, საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე მონიტორინგს ეს ორგანიზაცია მაინც განახორციელებს", - განუცხადა ლალიაშვილმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ თბილისში ოფიციალური შეხვედრები დღეს, სწორედ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო.
შეხვედრას, რომელიც სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელი პეტრე მამრაძე, "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ნესტან კირთაძე, "ალიანსი საქარველოსთვის" წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრი გურამ ჩახვაძე და "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი ესწრებოდნენ.
კანად საუდაბაიევი ამ წუთებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება და ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძესხვდება. მოგვიანებით სტუმარი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს, სადაც მას საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი დავით ბაქრაძე მიიღებს.