ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრას, რომელიც სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელი პეტრე მამრაძე, "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ნესტან კირთაძე, "ალიანსი საქარველოსთვის" წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრი გურამ ჩახვაძე და "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი ესწრებიან.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, საუბარი, როგორც ოკუპირებულ რეგიონებსა და იქ ეუთოს მისიის მანდატის აღდგენის აუცილებლობას, ისე შიდაპოლიტიკურ საკითხებს შეეხება. უფრო კონკრეტულად, პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლებს სურთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მონიტორინგი ეუთომაც განახორციელოს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრია. ამ იდეას მე თავის დროზე მხარს ვუჭერდი. აუცილებლია, რომ ეუთო მისი წევრი სახელმწიფოების პრობლემებით იყოს დაინტერესებული და ახდენდეს იმის მონიტორინგს, თუ რა ვითარებაა სახელმწიფოებში დემოკრატიის სტაბილურობის კუთხით", - განუცხადა შეხვედრის დაწყების წინ ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე
კანად საუდაბაიევი სტუმრობს. მან ოფიციალური შეხვედრების გამართვა დღეს, სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. "თბილისი-მარიოტიდან" საუდაბაიევი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივა და ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. მოგვიანებით კი სტუმარი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს, სადაც მას საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი დავით ბაქრაძე მიიღებს.