თბილისში ვიზიტით მყოფი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს.
კანად საუდაბაიევი პირველ შეხვედრას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან გამართავს. მოგვიანებით ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ქართველი კოლეგა გრიგოლ ვაშაძე მიიღებს, შემდეგ კი სტუმარი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს და საკანონმდებლო ორგანოს სპიკერ დავით ბაქრაძეს შეხვდება.
შეხვედრაზე საუბარი უსაფრთხოების საკითხებსა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს მისიის აღდგენის შესაძლებლობას შეეხება.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კანად საუდაბაიევი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.
ის ამ რანგში კავკასიის რეგიონს პირველად სტუმრობს.