საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის საკითხსა კონფლიქტების დარეგულირების საკითხს დააყენებს. სხდომა 21-22 თებერვალს ვენაში გაიმართება.
"გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ორგანიზაციის თავმჯდომარე-ქვეყნის, ამჟამად უკრაინის წარმომადგენლებთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები გენერალურ სამდივნოში. რა თქმა უნდა გაიმართება მსჯელობა კონფლიქტების მოგვარებასა და დეოკუპაციის საკითხებზე. ეს ძირითადი საკითხებია, რომლებზეც მუშაობას ეუთოში ვაპირებთ", _ აცხადებს საპალამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.
ამას გარდა, საქართელოს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალჩინოსან წარმომადგენლებს და ასევე რიგი ქვეყნების ელჩებს ამ ორგანიზაციაში.
"ტრადიციულ ზამთრის სესიაზე განსაკუთრებული აქცენტი იქნება გაკეთებული კომიტეტების მუშაობაზე. ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის კომიტეტი წარმოადგენს. ასევე ჩვენ რა თქმა უნდა გამუდმებით ვმუშაობთ იმაზე, რომ ყველა რეზლუციებში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული საქართველოს ინტერესები და საუბარი იყოს დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე", _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა.