მსოფლიოში ცნობილი გერმანული სავაჭრო ქსელის, „მეტროს" დამფუძნებელმა - ოტო ბაისხამმა თავი მოიკლა. 89 წლის მილიარდერის ცხედარი მის სახლში, ბავარიაში აღმოაჩინეს. ცნობილია, რომ მეწარმე მძიმე და უკურნებელი სენით იყო დაავადებული.
გარდაცვლილი მილიარდერის ქონება 3,3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ბიზნესმენს მემკვიდრეები არ დარჩენია.
მეწარმე ოტო ბაისხამი საკუთარ ქვეყანაშიც და უცხოეთშიც ნამდვილი ლეგენდა იყო. მისმა კონცეფციამ მაღაზიების თვითმომსახურების შესახებ, ვაჭრობის სფეროში რევოლუცია მოახდინა. კომპანიის პირველი მაღაზია 1964 წელს გაიხსნა და რამდენიმე წელიწადში მთელ მსოფლიოში გამოჩნდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, წყნარი გერმანელი მილიარდერი (თავისი ცხოვრების მანძილზე მას ერთი ინტერვიუც არ მიუცია) სს-ის ელიტურ ქვედანაყოფში მსახურობდა, რომელიც ფიურერის განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, თუმცა, მისი სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ არანაირი მტკიცებულება არ არსებულა. უკანასკნელ წლებში, ბიზნესმენი კომპანიის მუშაობაში პრაქტიკულად აღარ მონაწილეობდა.