17 თებერვალს, 03:15 საათზე, გამთენიისას, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარს თბილისში ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ქუმარიტაშვილის ცხედარი ვანკუვერიდან მიუნხენში გადაასვენეს. გერმანიაში გადასვენებამდე დაღუპული სპორტსმენის ცხედარი ვანკუვერის მართლმადიდებლურ ეკლესიაში იყო დასვენებული, სადაც მას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადეს. ჩატარდა სამოქალაქო პანაშვიდიც. 21 წლის სპორტსმენის ხსოვნას ოლიმპიადის ყველა ქვეყნის მონაწილემ და კანადის ქართულმა სათვისტომომ პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
ქართველ სპორტსმენს 20 თებერვალს ბაკურიანში, ადგილობრივი ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. ტრაგიკულად დაღუპულ ქართველი სპორტსმენის სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს მთავრობა დაფარავს.
21 წლის მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, წინაშესარჩევი გარბენის დროს დაიღუპა.
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ქართველი სპორტსმენის სახელობის ფონდი დაარსდა. ამ მიზნით "თი-ბი-სი" ბანკში ანგარიშიც გაიხსნა. მსურველებს შეუძლიათ ფინანსური დამხარება გაუწიონ როგორც ქუმარიტაშვილის ოჯახს, ისე ციგაობის განვითარებას საქართველოში. ანგარიშის ნომერი: 6536010100062-ია. ანგარიში ეროვნულ ვალუტაშია.