"საქართველოს გზა" მე-2 არხზე ოპოზიციისთვის საეთერო დროსთან ერთად, გადაცემების მოსამზადებლად ფინანსური და ტექნიკური დახმარების გამოყოფას მოითხოვს.
A
"მივესამლებით მე-2 არხის ფორმირებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფში შემავალი ოპოზიციური პარტიების ინიციატივას, რომ პოლიტიკურ პარტიებს ყოველდღიურად, პრაიმტაიმის განმავლობაში (19:00-იდან- 24:00-მდე) სარედაქციო ჩარევის გარეშე დაეთმოთ საეთერო ზოლი. მაგრამ მხოლოდ საეთერო დროის გამოყოფა არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილის დაპირება. ქვეყნის პირველი პირი იმასაც დაგვპირდა, რომ გადაცემის თუ სიუჟეტის მოსამზადებლად შესაბამისი ფინანსური და ტექნიკური აღჭურვაც მოხდებოდა", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წევრმა ნინო ცხოიძემ.
"საქართველოს გზა" მოითხოვს, მემორანდუმში, რომელიც ოპოზიციასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის 22 თებერვალს უნდა გაფორმდეს, "ჩაიწეროს ის მნიშვნელოვანი პუნქტი, რაც პოლიტიკური სუბიექტებისთვის, საეთერო დროსთან ერთად, გადაცემების მოსამზადებლად ფინანსური და ტექნიკური დახმარების გამოყოფას გულისხმობს".
"ჩვენი შენიშვნები გადაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ს, რომელსაც ზედამხედველობითი ფუნქცია აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხის ფორმირების საქმეში. დარწმუნებული ვართ, რომ თუ იქნება პოლიტიკური ნება, შესაძლებელია მეორე არხის, ასევე პირველი არხის განთავისუფლება წნეხისგან. საზოგადოებას სჭირდება დამოუკიდებელი მაუწყებლობა, რომელიც ღია იქნება განსხვავებული აზრის გასაშუქებლად, რათა მაყურებელს მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე", - განმარტა მან.