რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით ახალი წერილი შევიდა. ევრაზიის ახალგაზრდული კავშირი რუსეთის პირველ პირს სთხოვს, არ მოაწეროს ხელი რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ თავად ვაშაძის თხოვნას.
როგორც ევრაზიის ახალგაზრდული კავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, ამის მიზეზი ისაა, რომ კავშირმა ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა და შესაბამისი წინადადებით რუსეთის გენერალურ პროკურატურასაც მიმართა.
"თუ ვაშაძეს რუსეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ, მაშინ მისი გასამართლება შეუძლებელი გახდება. ის კი არის ადამიანი, რომელიც უხეში და მკვეთრი ანტირუსული განცხადებების გაკეთების გამო უნდა დაისაჯოს. ვაშაძე აპროტესტებდა აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღებას მაშინ, როცა თვითონ არის რუსეთის მოქალაქე. ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ ის
ექსპტრემიზმის წინააღმდეგ კანონით გასამართლდეს", - აცხადებენ ევრაზიის ახალგაზრდულ კავშირში.
მათი განცხადებით, ერთთადერთი გზა, რომ ვაშაძემ "საკუთარი თავის ამნისტია მოახდინოს, სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა და მისი სამართლებრივი გზით გადაყენებისთვის ხელის შეწყობაა".
"მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებს ვაშაძე რუსულ საზოგადოებაში რეინტეგრაციას და ჩვენც გავიწვევთ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრის შესახებ წინადადებას გენპროკურატურიდან", - განმარტავენ ევრაზიის ახალგაზრული კავშირის წევრები.
თავად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ვაშაძემ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თავად თქვა და რუსული პასპორტი მოსკოვში დიპლომატიური ფოსტით გაგზავნა.