ადამიანის სხეულის ნაწილები, რომელიც ცეცხლწაკიდებულ ქოხში, ლოს-ანჟელესის მახლობლად იპოვეს, სერიულ მკვლელობებში ბრალდებულ კრისტოფერ დორნერს ეკუთვნოდა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანსპრესი" იუწყება. ნახევრად დამწვარი სხეულის ნაწილები, ასევე დორნერის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა ქოხში აღმოაჩინეს, რომელიც კურორტ ბიგ მირის მახლობლად მდებარეობდა და იქ დორნერი აფარებდა თავს.
რამდენიმესაათიანი დევნის შემდეგ, პოლიციამ ხის ნაგებობას ალყა შემოარტყა, სადაც, როგორც იუწყებოდნენ, დამნაშავე გამაგრდა. მიმდინარე სროლის დროს, შერიფის ერთი თანაშემწე დაიღუპა, ხოლო მეორე - დაიჭრა. ამის შემდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამის შემდეგ კი, ქოხს ცეცხლი წაეკიდა. სამართალდამცავები უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიციამ ქოხს ცეცხლი შეგნებულად წაუკიდა.
კრისტოფერ დორნერი ადრე პოლიციაში მსახურობდა, თუმცა 2009 წელს ის სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო 7 თებერვლიდან მასზე ძებნა იყო გამოცხადებული პატრულის თანამშრომლის, პოლიციის თანამშრომლის ქალიშვილის და მისი საქმროს მკვლელობებისათვის. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დორნერმა „ფეისბუქზე" მანიფესტი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებდა, რომ ის უსამართლოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან და პოლიციას კორუფციასა და რასიზმში სდებდა ბრალს, იქვე კი ირწმუნებოდა, რომ მათ წინააღმდეგ ძალადობრივი მეთოდებით ბრძოლას გააგრძელებდა.