ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ქირით, ან ნათესავებთან მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გეგმას უახლოეს ხანებში წარმოადგენს.
ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, დაიწყება მშენებლობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ასევე შეძენილი იქნება კარკასები და გარემონტდება, რათა მოხდეს იმ დევნილების დაკმაყოფილება, რომლებიც წლების მანძილზე ან ქირით ცხოვრობენ, ან ნათესავებთან.
როგორც სუბელიანი აცხადებს, ბინით დაკმაყოფილება შეეხება იმ დევნილებსაც, რომლებიც აფხაზეთის ომის შემდეგ ცხოვრობენ უცხოეთში და არ არიან რეგისტრირებული დევნილების მონაცემთა ბაზაში.
ამისთვის კი, მისი თქმით, აღნიშნული კატეგორიის დევნილებმა საქართველოში დაბრუნებისთანავე უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
რაც შეეხება უკვე მოგვარებულ პრობლემებს, სუბელიანის ინფორმაციით, აფხაზეთიდან დევნილებს კერძო საკუთრებაში უკვე 400-მდე ობიექტი გადაეცათ და მათ რეაბილიტაციაც ჩაუტარდათ. მისი თქმით, დევნილებს ამ ფართების განკარგვის სრული უფლება აქვთ.
"ამ მასშტაბის მიღწევა დონორი ორგანიზაციების დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, სახელმწიფოს მონაწილეობა კი აღნიშნულ პროგრამაში ისაა, რომ ეს ობიექტები აუქციონზე გასაყიდად არ გაიტანა ბიუჯეტის სასარგებლოდ", - აცხადებს სუბელიანი.