საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, სეპარატისტების მოსკოვში ვიზიტები და რუსეთთან გაურკვეველი ხელშეკრულებების გაფორმება ოკუპაციის სამართლებრივ რეალობას ვერ შეცვლის.
"სერგეი ბაღაფშის მოსკოვში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ადგილი აქვს რუსეთის მცდელობის გაგრძელებას, რათა აფხაზეთს და ცხინვალს დამოუკიდებელი სახელმწიფოების იმიჯი შეუქმნას", - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
ამასთან, მისი შეფასებით, ტრაგიკულია ის გარემოება, რომ აფხაზეთს და რუსეთს შორის სამხედრო ბაზებზე შეთანხმება ფორმდება მაშინ, როდესაც წლების მანძილზე რუსეთის ჯარი უკანონოდ იმყოფება აფხაზეთში.
"მაშინ, როდესაც 2008 წლის აგრესიიდან მოყოლებული, აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის ერთ დიდი სამხედრო ბაზად არის გადაქცეული, ასეთი შეთანხმების გაფორმება ტრაგიკულია," - ბაქრაძე.
მიუხედავად ამ ქმედებებისა, პარლამენტის სპიკერი დარწმუნებულია, რომ რუსეთი თავის მიზანს ვერ მიაღწევს, ვერ გაამართლებს საქართველოს ოკუპაციას და ვერ შეცვლის არსებულ სამართლებრივ რეალობას.
"აფხაზეთი და ცხინვალიც არის საქართველოს ტერიტორიები, ხოლო სხვის სახელმწიფოში უკანონოდ განლაგებულ შეიარაღებულ ძალებს ოკუპაცია ეწოდება," - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი სერგეი ბაღაფში მოსკოვს სტუმრობს. ე.წ. ინაუგურაციის შემდეგ ეს რუსეთში მისი პირველი ვიზიტია.