პერუელმა არქეოლოგებმა ლიმას მახლობლად, ელ პარაისოს მიდამოებში პატარა სალოცავი აღმოაჩინეს, რომელიც პროკერამიკულ პერიოდს განეკუთვნება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
სალოცავს ხუთკუთხედის ფორმა აქვს, და ზომით 6,8/8 მეტრზეა. ნაგებობის კედლები ქვითაა ამოყვანილი, რომელიც ყვითელი თიხითაა დაფარული. მეცნიერთა განცხადებით, მისი სიმაღლე, სავარაუდოდ, 2,5 მეტრი იქნებოდა, თუმცა, ამჟამად, მხოლოდ 70 სმ-ა დარჩენილი.
სალოცავის ერთ კედელს მხოლოდ ერთი პატარა შესასვლელი აქვს, საიდანაც შესვლა ერთ ადამიანს შეეძლო, ხოლო მის ცენტრში რიტუალური კოცონი ენთო, რომლის გარშემოც ცერემონიები ტარდებოდა და სალოცავის მსახურები ღმერთს მიმართავდნენ.
ელ პარაისო გასული საუკუნის 60-იან წლებში აღმოაჩინეს. ის რამდენიმე ქვის ნაგებობისაგან შედგება. სპეციალური ანალიზის მიხედვით გაირკვა, რომ ეს ადგილი ამერიკის ტერიტორიაზე და საერთოდ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უძველესი დასახლებული ადგილი იყო: მისი ასაკი ხუთი ათასი წლით განისაზღვრება. ელ პარაისოს მოსახლეობას მეთევზეები და ფერმერები წარმოადგენდნენ.