მიხეილ პროხოროვის პარტია „სამოქალაქო პლატფორმა" რუსეთში სამუშაოდ ჩასული მიგრანტების ადაპტაციისთვის სპეციალური ბანაკების შექმნას ითხოვს. რუსული მედიის ცნობით, წინადადება ემყარება ნაციონალურ დოქტრინას, რომელსაც პარტია ამზადებს. პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, ბანაკები მსხვილი ქალაქებისაგან მოშორებით იქნება განთავსებული.
პარტიის წინადადებით, ამ ბანაკებში მიგრანტებს მოემსახურებიან ექიმები, ხოლო ჩინოვნიკები შეამოწმებენ, ნამდვილად აქვთ თუ არა მათ რაიმე სახის კონტრაქტი ამა თუ იმ რუსულ კომპანიასთან. შემოწმებები რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
„სამოქალაქო პლატფორმის" მონაცემებით, 2020 წელს რუსეთში 40 მილიონი უცხოელი მუშა იქნება. ამიტომ პარტია საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვს. ბანაკების შექმნის წინადადებით ჟირინოვსკის პარტიაც გამოვიდა. პარტიის წარმომადგენლების აზრით, რუსი მოქალაქეებისაგან უცხოელების იზოლირება ეთნიკური სახის დანაშაულს შეამცირებს. ეს თემა რუსეთში მას შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა, რაც რამდენიმე დღის წინ, სასამართლომ განაჩენი 19 წლის უცხოელ გასტარბაიტერს გამოუტანა, რომელმაც ახალგაზრდა რუსი ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი მობილური ტელეფონის გამო მოკლა.
2012 წელს, რუსეთის ფედერაციაში არალეგალურად 3,4 მილიონი ადამიანი შევიდა. ყოველ წელს კი, რუსეთში 12 მილიონი უცხოელი მოქალაქე შედის, რომელთა უმრავლესობა დსთ-ს მცხოვრებია.