ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ახალგორიდან დევნილი 150 ოჯახის ფულადი კომპენსაციის საკითხს სათანადო კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს.
ამის შესახებ განცხადება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა დღეს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებისა და კომპენსაციების გაცემის დროს ოჯახების ხელოვნურად გაყოფა ხდებოდა, რის გამოც ამ საკითხებს სპეციალური კომისია სწავლობს.
სუბელიანმა ასევე აღნიშნა, რომ კომპენსაციის სახით 10 ათასი დოლარი იმ დევნილებს გადაეცათ, რომელთაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ საცხოვრებელ ფართებზე. ასეთი კი 1 500 ოჯახზე მეტია.
"ამ ალტერნატივას მასიურ სახეს ვერ მივცემდით, რადგან ეს გამოიწვევდა ფასების გაზრდას ბინებზე და გარკვეულწილად ინფლაციასაც", - განაცხადა სუბელიანმა.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს დევნილი მოსახლეობის განსახლებისა და კომპენსაციისთვის სულ 350 მილიონი ლარია გახარჯული.
შეგახსენებთ, რომ ახალგორიდან დევნილი 150 ოჯახი კომპენსაციის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს პერმანენტულას ატარებს.