სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე საარჩევნო სიებში აღმოჩენილ უზუსტობებთან დაკავშირებით პარტია "მრეწველების" მიერ გუშინ გამოქვეყნებულ მონაცემებს არ ეთანხმება.
"გუშინდელი განცხადების შემდეგ დავუკავშირდით პარტია "მრეწველებს" და ვთხოვეთ იმ უზუსტობების შესახებ მოეწოდებინათ ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო სიების მონიტორინგის პროცესის დროს აღმოაჩინეს. ზურაბ ტყემალაძემ მითხრა, რომ მაგალითად, ვარკეთილის მე-4 მიკრორაინის მე-3 კვარტალი არ არსებობს. მე პირადად წავიყვან ბატონ ტყემალაძეს და ვაჩვენებ ვარკეთილში, მე-4 მიკრორაიონის მე-3 კვარტალს", - განაცხადა ვაშაძემ დღეს ცესკოში, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილთან ერთად ამომრჩეველთა სიების ფორმირებასა და სიების მონიტორინგის პრინციპებზე ისაუბრა.
მისივე განმარტებით, ის მზადაა, სიებში ნებისმიერი უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში მის გამოსწორებაზე პირადად იზრუნოს და პირობას დებს, რომ "ნებისმიერი პრობლემა 3 დღის ვადაში იქნება მოგვარებული".
შეგახსენებთ, რომ პარტია "მრეწველებმა" გუშინ ამომრჩეველთა სიების ერთკვირიანი მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, სიებაში აღმოჩენილი იქნა ისეთი კორპუსები, რომლებიც "ბუნებაში არ არსებობენ".
სიების ერთკვირიანი მონიტორინგის შედეგები გუშინ ასევე კიდევ რამდენიმე ოპოზიციურმა ძალამ გამოაქვეყნა.