განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ, გოგა ხაჩიძესა და ქალაქის ვიცე-მერ მამუკა ახვლედიანთან ერთად, დღეს, თბილისის 161-ე საჯარო სკოლას სტუმრობდა. პროექტის - „მომავალი შენია" პრეზენტაცია ფონდი „წამის" პრეზიდენტმა ზაზა კორინთელმა (ზუმბა) სკოლის მოსწავლეებისთვის გამართა. დღესვე, გოგა ხაჩიძემ მოსწავლეებისთვის ბუნების დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხზე ლექცია წაიკითხა.
„მივესალმებით ამ პროექტის საჯარო სკოლებში განხორციელებას. სუფთა გარემოს შექმნისთვის აუცილებელი ფუნდამეტი უნდა ჩაიყაროს საბავშვო ბაღებში, სკოლებში და მოზარდებში. მათ ზუსტად უნდა იცოდნენ რატომაა კარგი სუფთა გარემოში ცხოვრება და რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს
გარემოს." - განაცხადა გოგა ხაჩიძემ შეხვედრაზე.
„მომავალი შენია" პროექტის ფარგლებში დედაქალაქისა და რეგიონების სკოლებში ლექცია-სემინარები ჩატარდება - ბუნების დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების, დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოების, ტოლერანტობის, გენდერული თანასწორობის, შრომის პატივისცემისა და ყოფითი კულტურის საკითხებზე.
ლექცია-სემინარების შემდეგ, სკოლის მოსწავლეები მათთვის საინტერესო თემას მოამზადებენ და დაამუშავებენ, რომლის შემდეგაც ჩატარდება კონკურსი სხვადასხვა ნომინაციაში. ნამუშევრების შესაფასებლად და გამარჯვებულთა გამოსავლენად შეიქმნება სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც ფონდი „წამი"-ს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, თბილისის მერიისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები შევლენ. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით მათთვის მოეწყობა საზაფხულო სოციალური ბანაკი. მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები და მომზადდება პროექტის შემაჯამებელი ჟურნალი, რომელშიც შევა საუკეთესო ნამუშევრები და პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტოები.
„ჩვენ მივესალმებით ამ პროექტს. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ძალიან ბევრი კონკურსის ჩატარება ბავშვებისთვის. მინდა განვაცხადო, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონკურსში გამარჯვებულ ბავშვებს ლეპტოპებითა და კომპიტერებით დააჯილდოვებს"- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.