დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იმ სქემის შესწავლას მოითხოვს, რომლითაც დევნილების განსახლების დაფინანსება ხდება.
ეს მოთხოვნა ლორთქიფანიძემ დღეს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დააყენა, სადაც დეპუტატებმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ანგარიში მოისმინეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ლორთქიფანიძემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ მონაწილეობს ტენდერებში, რატომ იღებს სრულ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას მონიტორინგზე ის ორგანიზაცია, რომელიც საბოლოო ანგარიშებში უკვე არ აისახება და მთელი პასუხისმგებლობა უნდა დააწვეს ერთ სამინისტროს, კონკრეტულად სახელმწიფო თანამდებობის პირს კობა სუბელიანს.
"ეს ის თემაა, რომელზეც ყურადღება უნდა გაამახვილონ, ორგანიზაციებმა, არასამთავრობოებმა, რადგან, როგორც "ბლოკ-ჯორჯიას" შემთხვევაში მოხდა, სფერო პასუხისმგებლობის დონეზე ჯანდაცვის სამინისტრომ კი არ ჩაიბარა, არამედ პასუხის გაცემა მოუწია კერძო კომპანიას. ანალოგიური რომ მოხდეს, მერე დავიწყებთ დამნაშავისა და განტევების ვაცების ძებნას. საუბარი ასობით მილიონობით დოლარზეა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ჯერ ხდება დონორების მიერ ამ ფონდი შევსება, შემდგომ სახელმწიფოს მიერ ხარჯვა, მონიტორინგის შემდეგ კიდევ დანახარჯის შევსება ფონდიდან, ეს არის საკმაოდ რთული სქემა", - აღნიშნავს ლორთქიფანიძე.
აღნიშნულის გამო დეპუტატი საკითხის სათანადო შესწავლას ითხოვს.