პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარლამენტის თავმჯდომარის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ახალაიამ განმარტა, შეხვედრას ასევე დაესწრება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე. როგორც პრესსამსახურში აცხადებენ შეხვედრა, სავარაუდოდ 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დავით უსუფაშვილს, დიალოგის დასაწყებად, პრეზიდენტის რეზიდენციაში 20:00 საათზე ელოდებოდა. როგორც ,,რუსთავი-2"-თან საუბარში საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა მხარეებს შორის ბევრი პრინციპული საკითხებზე განსხვავებული შეხედულების მიუხედავად დიალოგი აუცილებელია.
,,პრეზიდენტი 20:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში ელოდება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მის განცხადებაში დასახელებულია მომლაპარაკებლად. ჩვენი მხრიდან გვაქვს შიში, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი იცვლება და გვინდა, ეს შიში მოვხსნათ საკონსტიტუციო ჩანაწერების გზით. გვაქვს შიში, რომ საქართველოს დეცენტრალიზაციის პროექტი შეიძლება დასრულდეს და ამიტომ ქუთაისის საკითხზე უნდა ვისაუბროთ. გვინდა, შევქმნათ გარანტიები, რომ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს ამ საკითხზე უმრავლესობა ვერ მიიღებს, ამიტომ სასაუბრო გვაქვს საკონსტიტუციო კვორუმზე. რა თქმა უნდა, მზად ვართ განვიხილოთ მათი შიშიც პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, დაითხოვოს ერთპიროვნულად მთავრობა", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
ამასთან ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს.