"კონსერვატორები" ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატის მოხსნას არ აპირებენ.
"პრაიმერი ერთადერთი რეალური საშუალებაა იმისთვის, რომ მერობის კანდიდატები შეირჩეს. ერთიან კანდიდატზე შეთანხმების სხვა გზა გულისხმობს იმას, რომ სხვა პარტიების კანდიდატებმა რომელიმე ერთის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურები მოხსნან და არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ამისთვის, ჯერ ერთი, არავინ არის მზად და მეორეც, არამგონია, ეს ზოგადად ოპოზიციური სპექტრისთვის იყოს სასარგებლო, რადგან ეს ჩვენი გამარჯვების შანსებს შემცირებს", - განუცხადა "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ ჟურნალისტებს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერობის ერთი კანდიდატი, რომლის გარშემოც ოპოზიცია გაერთიანებას შესძლებს, ჯერჯერობით არ სახელდება. თითქმის ყველა არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალა მზადაა ამ კუთხით დანარჩენ პარტიებთან კონსულტაციები აწარმოოს, თუმცა ყველა მათგანს საკუთარი კანდიდატი ჰყავს და მის მოხსნას სხვა რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ არ აპირებს.