საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის ირმა ნადირაშვილის განმარტებით, 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენები იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორება ოპონენტების მიმართ.
„გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადადგა პირველი ნაბიჯი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. მთელი პასუხისმგებლობა გუშინდელ მოვლენებზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორება პირადი ოპონენტების მიმართ.
ეს დარბევა დაგეგმა ივანიშვილმა და განახორციელა შს სამინისტრომ იმ კრიმინალების ხელით რომლებიც ციხიდან სულ ცოტა ხნის უკან გამოუშვეს. თუ არ უნდოდა პრემიერ-მინისტრს მომხდარიყო გუშინდელი მოვლენები, მაშინ უნდა მიეცათ უფლება პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გამოეყენებინა თავისი კონსტიტუციური უფლება და თავისი გამოსვლა გაეკეთებინა საქართველოს პარლამენტში"- აღნიშნა ნადირაშვილმა.
ნადირაშვილის თქმით, სწორედ ამ მიზნით გამოიყენა პრემიერმა ეკა ბესელიას და ნანა კაკაბაძის მიერ ციხეებიდან გამოშვებული ადამიანები. იმავდროულად, ნადირაშვილი გუშინ განვითარებული მოვლენების ორგანიზებისთვის ნანა კაკაბაძის პასუხიგებაში მიცემას მოითხოვს. ნადირაშვილმა ასევე გააკრიტიკა შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისივე თქმით, ღარიბაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მაშინ მივიდა, როდესაც სიტუაცია უკვე განმუხტული იყო.