პრაიმერის საარჩევნო კომისია ოპოზიციურ ძალებს შიდა არჩევნებში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს პრაიმერის საარჩევნო კომისიამ სხდომა გამართა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსათვის" წევრმა ლადო ბოჟაძემ განუცხადა, ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური ვითარებაა, როგორც საგარეო, ასევე საშინაო კუთხით, რაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ძალთა დაბალანსებას მოითხოვს. ამის მისაღწევად კი, როგორც ბოჟაძე მიიჩნევს, ოპოზიცირ პარტიებს შორის ერთიან კანდიდაზე კონსესუსის მიღწევაა საჭირო.
"ვფიქრობ, ეს ამოცანა გაცილებით მნიშვნელოვანია და მაღლა დგას, ვიდრე შიდაოპოზიციური დაპირისპირება, რადგან შიდადაპირისპირება ყველა ოპოზიციურ პარტიას კიდევ უფრო დაასუსტებს დ ხელს შეუწყობს ავტორიტარული რეჟიმის გამყარებას", - განაცხადა ბოჟაძემ.
აღსანიშნავია, რომ პრაიმერის საარჩევნო კომისია შიდა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიწვევას 13 ოპოზიციურ პარტიას გადაუგზავნის, მათ შორის "ალიანსი საქართველოსათვის", "ლეიბორისტებს", "საქართველოს გზას", "ეროვნულ ფორუმს" და "ქრისტიან-დემოკრატებს".
პრაიმერში კანდიდატების რეგისტრაციის ვადა სხვადახსვა ქალაქში 7 მარტიდან დაიწყება და 2 აპრილამდე გაგრძელდება.