"ქრისტიან-დემოკრატები" პერზიდენტ სააკაშვილს პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
გიორგი თარგამაძის გუნდის წევრები აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ითხოვნ პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდება საქართველოში კარტოფილის სხვა ქვეყნიდან შემოტანა მაშინ, როცა ჯავახეთის მოსახლეობას კარტოფილის მოსავალი უფუჭდება.
ამის შესახებ განცხადება დღეს, პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ გააკეთა.
"ჩვენი პოლიტკური ძალა გასულ კვირას სამცხე-ჯავახეთის სოფლებში იმყოფებოდა. მოსახლეობის ისედაც უმძიმეს ყოფით მდგომრეობას ხელისუფლების მხრიდან სრული უყურადღებობით გამოწვეული ურთულესი სოციალ ეკონომიკური პრობლემებიც ემატება. ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზის გასვლის შემდეგ, 2007 წელს პრეზიდენტმა ჯავახეთის მოსახლეობას პირობა მისცა, რომ საქართველოს მთავრობა შეიარაღებული ძალისთვის შეიძენდა კარტოფილს და ამით გაუმჯობესდებოდა მათი სოციალური მდგომარეობა, თუმცა პრეზიდეტის ეს დაპირება მხოლოდ დაპირებად დარჩა და ჯარისათვის კარტოფილი შემოიტანეს თურქეთიდან და სომხეთიდან. ამ დროს კი, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას მოსავალი, რომელიც მათი საარსებო წყაროა, უფუჭდება", - განაცხადა ვეფხვაძემ.
ამასთან, დეპუტატის ინფორმაციით, სომხთიდან და თურქეთიდან შემოტანილი კარტოფილი ხარისხით "ვერც კი შეედრება სამცხე-ჯავახეთში მოწეულ მოსავალს".
"მივმართავთ საქართველოს მთავრობას, სად გაქრა პრეზიდენტის სიტყვა და დაპირება, ვინ დგას კარტოფილის მაფიის უკან, რომელმაც ჯავახეთის გლეხობა სარჩოს გარეშე დატოვა, ხოლო ქართველი ჯარისკაცი უხასრისხო კარტოფილით გამოკვება. მთავრობის წევრებო, "ქრისტაინ-დემოკრატებს" ადგილობრივმა მოსახლეობამ თქვენთვის გამოგვატანა კარტოფილი, დააგემოვნეთ და შეადარეთ იმას, რასაც ჯარში მიირთმევენ. იმედი გვაქვს ამის შემდეგ მაინც გაგიჩნდებათ სურვილი ჩახვიდეთ ადგილზე და ნახოთ რა უჯდება გლეხს კარტოფილის მოყვანა და გაარკვიოთ, რატომ ვერ ასრულებს სახელმწიფო საკუთარ სოციალურ ფუნქციას" - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.