საქართველოს ევროკომისიის წარმომადგენლობითი დელეგაცია სტუმრობს.
ევროკომისიის წევრები თბილისში ევროკავშირის ინიციატივა "პარტნიორობა მობილურობისათვის" ფარგლებში საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ოფიციალური დაწყების მიზნით წუხელ ჩამოვიდნენ. ამჟამად ისინი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მართავენ შეხვედრას.
შეხვედრაზე ქართული მხარე საქართველოში მიგრაციის კუთხით არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას წარადგენს. ასევე განიხილავენ ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმომწერი მხარეების ინიციატივებსა და "პარტნიორობა მობილურობისათვის" ფარგლებში თანამშრომლობის გეგმას, რომელშიც ასახულია კონკრეტული ღონისძიებები და განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები მასში ჩართული ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს მხრიდან.
"პარტნიორობა მობილურობისათვის" ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას, მათ შორის ე.წ. "ცირკულარული მიგრაციის" საშუალებით. ეს სქემა იძლევა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლეგალურად დასაქმების, სწავლის, ტრეინინგების გავლის შესაძლებლობას და შემდგომ მათ დაბრუნებას საქართველოში. აღნიშნული სქემა ასევე ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
ამავე დროს, ევროკავშირთან "პარტნიორობა მობილურობისათვის" ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან სამომავლო სავიზო ლიბერალიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ "პარტნიორობა მობილურობისათვის" ერთობლივ დეკლარაციას ხელი 2009 წლის 30 ნოემბერს, ბრიუსელში მოეწერა. დეკლარაციას ხელი საქართველოს, ევროკომისიის და ევროკავშირის იმ 16 წევრი-ქვეყნის წარმომადგენლებმა მოაწერეს, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოსთან "პარტნიორობა მობილურობისათვის" ინიციატივაში.
მასალის გამოყენების პირობები