"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმების აუცილებლობაზე ალაპარაკდა.
როგორც ალასანიამ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში საზოგადოების წარმომადგენლებთან გუშინ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ალიანსი აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს უკვე მართავს.
"არსებობს მოსაზრება, რომ ოპოზიციური ერთობა პრაიმერის საშუალებით მოხდეს, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ეს კონსულტაციების საშუალებითაც არის შესაძლებელი. არსებობენ ძალები, რომლებიც არც პრაიმერში და არც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. ჩვენ კონსულტაციები ასეთ ძალებთანაც გვაქვს. მთავარია, რომ საერთო მიზნამდე მივიდეთ. მიზანი კი ერთიანი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, მერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება და არჩევნებში ისე გასვლაა", - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.
ამ ეტაპზე, "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი არ აკონკრეტებს, თუ რომელ პოლიტიკურ ძალებთან მართავს გაერთიანების შესახებ კონსულტაციებს.