როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ივანიშვილის პრეს-ცენტიდან აცნობეს, თბილისის მერობის კანდიდატი, კონტროლის პალატის აქტის
საფუძველზე დიმიტრი ჯაიანის გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით მის დევნად და
შევიწროებად აფასებს.
"ყველასთვის ცნობილია, რომ დიმა ჯაიანი, წლების განმავლობაში, და ხაზს ვუსვავ,
არა მხოლოდ ვარდების რევოლუციის მერე მანამდეც, აქტიური საზოგადოებრივი
პასუხისგობლობის პოზიციით და მაღალი მოქალაქეობრივი ზნეობით გამოირჩეოდა.
დიმიტრი ჯაიანი არის პიროვნება, რომელმაც წლების განმავლობაში, სხვადასხვა
წარმოუდგენელი საშუალებებით, შეინარჩუნა სოხუმის თეატრი, მისი დასი და
ყოველწლიურად მაყურებელს სიახლეებს სთავაზობდა", - აცხადებს ნიკა ივანიშვილი
ივანიშვილის განცხადებით, იგი ჯაიანს არ იცნობს, შესაბამისად მისი მხარდაჭერა პირადი მოტივებიდან არ გამომდინარეობს.
"დიმა ჯაიანი არის პიროვნება, რომელსაც მე პირადათ არც კი ვიცნობ. არ მინდა,
რომ ჩემი ამ განცხადების გამო, მის გარშემო შეიქმნას პოლიტიკური სპეკულაციის
მომენტები. მაგრამ სულაც რომ არ გავხდე თბილისის მერი, ღიად ვაცხადებ, რომ
ყოველთვის ვიქნები ისეთი ადამიანების მხარდამჭერი, როგორიც დიმიტრი ჯაიანია,
რომელიც ჩემი აზრით, აბსოლუტურად უსამართლოდ არის გათავისუფლებული
თანამდებობიდან", - ივანიშვილი.
თბილისის მერობის კანდიდატი ხელისუფლების მხრიდან თეატრის შიდა საქმეში ჩარევაზეც საუბრობს.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება, და ამ შემთხვევაში უკვე აფხაზეთის
მთავრობა, აგრძელებს ფედერალური ხელისუფლების სტილში მოქმედებებს, მაშინ, როცა
კონტროლის პალატის სხვადასხვა გადაწყვეტილებების საფუძველზე გათავისუფლებული
პირების რაოდენობით საქართველოს მთავრობა ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ძალზედ
სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში არავის მოაფიქრდა, რომ თეატრს თავად გადაეწყვიტა
თავის მომავალი ხელმძღვანელის ბედი და დიმა ჯაიანისადმი უნდობლობის (რაც
ნაკლებად სავარაუდო მგონია) შემთხვევაში, თავად თეატრის შემადგენლობას აერჩია
მისი მემკვიდრე. პირადათ მე, ნამდვილად დავუფასებდი დიმიტრი ჯაიანს იმ
მრავალწლიან გამოცდილებას და ნაღვაწს, რომელიც მან მთელი მისი ცხოვრების
მანძილზე დააგროვა და აუცილებლად გამოვიყენებდი მის ნიჭს სახვა მნიშვნელოვან
მიმართულებებში, სადაც ქართული კულტურის ნამდვილი ქომაგები უნდა იყვნენ", - განაცხადა ნიკა ივანიშვილმა.