,,საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობამ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა შეაგროვა, ნიშნავს რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თანამდებობა ბოროტად გამოიყენა", - განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ივანე მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია ის ისტერიკა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ მოაწყო.
,,დღეს სრულიად გაუგებარი ისტერიკა მოაწყო საპარლამენტო უმრავლესობამ. ჩემთვის გაუგებარია რა მოხდა ბოლო დღეებში, რომ ამას მოყოლოდა ასეთი სერიოზული ისტერიკა. მინდა მთელი სერიოზულობით გავაცხადო, რომ დღევანდელ უმრავლესობას არ აქვს საკმარისი ხმები საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. ,,ნაციონალურ ფრაქაციაში" შემავალი წევრების რაოდენობა მაძლევს საფუძველს, რომ განვაცხადო კატეგორიულად, რომ დღევანდელი მონაცემებით საპარლამენტო უმრავლესობა ძალიან შორს არის საკონსტიტუციო უმრავლესობისგან", -განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე სერიოზული რეპრესიების განხორციელება.
,,მინდა გაფრთხილო საქართველოს მთავრობა და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილი თუ უახლოეს დღეებში პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო ან საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო უმრავლესობა შეაგროვა, ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თანამდებობა ბოროტად გამოიყენა და ძალისმიერი მეთოდებით გადაიბირა, შეაშინა, დააშანტაჟა საკმაოდ ბევრი პარლამენტის წევრი", -განაცხადა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმართვა შეიმუშავა და ,,ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამასთან კოალიცია საპარლამენტო ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო განხილვას სთავაზობს.