საპარლამენტო უმრავლესობა "ნაციონალურ მოძრაობას" საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას სთავაზობს. წინააღმდეგ შემთხვევაში საპარლამენტო და სატელევიზიო დებატებში იწვევს.
"დღეიდან საჯარო საპარლამენტო და სატელევიზიო დებატებში ვიწვევთ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" თითოეულ წარმომადგენელს თემაზე - "სააკაშვილი თუ საქართველო, დიქტატურა თუ ხალხის მმართველობა". წლების განმავლობაში სააკაშვილის ზურგს უკან მიმალულ ადამიანებს, რომლებიც პერსონალურად არასოდეს არაფერზე აგებდნენ პასუხს, მოუწევთ საკუთარი აზრის მკაფიოდ დაფიქსირება კონკრეტულ საკითხზე - უნდა ჩამოერთვას თუ არა პრეზიდენტს ხალხის და პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის უფლება. ამ საკითხზე არჩევანის გაკეთებისას ვერავინ ვერავის ზურგს ვერ ამოეფარება და ვერც დემაგოგიური ხრიკებით შეძლებს სხვა თემებით მის გადაფარვას. პარლამენტის წევრებმა, რომლებიც თავს იწონებენ ხალხის რჩეულის სტატუსით, თვალი უნდა გაუსწორონ საზოგადოებას და საკუთარ შვილებს (და არა ჩვენ ან ბიძინა ივანიშვილს) და განაცხადონ - "კი" თუ "არა". ეს არ არის მორიგი პოლიტიკური საკითხი, რომელზეც მსოფმხედველობიდან გამომდინარე შეიძლება ორი მეტ-ნაკლებად სწორი პასუხი არსებობდეს, ეს არის ფუნდამენტური საკითხი იმის გასარკვევად, თუ სინამდვილეში რას ემსახურება თითოეული ჩვენგანი - ხალხს თუ დიქტატორს. შესაბამისად, ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი დამოკიდებულება თითოეული მათგანისადმი - ვინც იტყვის "კი", მასთან ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობის თუ ოპონირების აზრს და შესაძლებლობას სხვა საკითხებზეც; ვინც იტყვის "არა", მის მოსმენაზე და მასთან დებატებზე ჩვენ დროს ვერ დავკარგავთ ვერც ნებისმიერ სხვა საკითხზე", - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ დავით საგანელიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, დავით ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და გიგა ბუკია.