დღეს, 16 თებერვალს, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კანად საუდაბაიევი საქართველოს ეწვევა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ 15 თებერვალს ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, კანად საუდაბაიევთან შეხვედრისას საუბარი უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.
"ამასთან, მსჯელობა გაიმართება იმაზედაც, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს მისიის რაიმე ფორმით აღდგენა", - განმარტა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ამ რანგში პირველი ვიზიტით კავკასიის რეგიონს სტუმრობს. საქართველოს გარდა, კანად საუდაბაიევი აზერბაიჯანსა და სომხეთშიც ჩავა.
ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე შეხვედრებს პრეზიდენტებთან გამართავს. როგორც თავად კანად საუდაბაიევმა განაცხადა, მისი თავმჯდომარეობის დროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რა კუთხითაც ეუთო იმუშავებს, ავღანეთთან თანამშრომლობის გააქტიურება იქნება. ასევე მუშაობის გააქტიურება მოლდოვაში, საქართველოსა და ყარაბაღში გაჭიანურებული კონფლიქტების მოსაგვარებლად.